logo
ENG



სარჯველაძის თქმით, "ნაკლებად მოსალოდნელია", ამნისტიის შესახებ კანონპროექტი რურუას შეეხოს

16 დეკ 202015:37
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაკლებად მოსალოდნელია", ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეეხოს მთავარი არხის მეწილეს, მსჯავრდებულ გიორგი რურუას. ასე უპასუხა მან ჟურნლისტების კითხვას, შეეხება თუ არა ინიციატივა რურუას, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პოლიტპატიმარია. 

"პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას", - ამბობს სარჯველაძე. 

მისივე განცხადებით, კანონპროექტში, ასევე არაფერია ნათქვამი იმ მუხლზეც, რომლითაც დაკავებულები არიან კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ასეულობით პატიმრის განთავისუფლებას ითვალისწინებს.

დღეს 16 დეკემბრის ბრიფინგზე სარჯველაძემ განმარტა, თუ რა კატეგორიის დანაშაულებს შეეხება ამნისტია:

"ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ცალკეულ შემთხვევაში - დაზარალებულის თანხმობა.

ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ნასამართლეობის არქონა, ასევე გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის, ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება". 

კანონპროექტს დღეს, 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ, რის შემდეგაც დაიწყება მისი განხილვა. 


close დახურვა